სამართალი
თეა წულუკიანი: როგორც კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესს დაიწყებს!

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისთანავე კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა. 
„ეს არის წმინდად სამართლებრივი და საგამოძიებო-საპროკურორო ექსტრადიციის პროცესი. ჩვენ ვნახეთ უკრაინული მხრიდან სხვადასხვა განცხადებები, სიმართლე ერთია - საქართველოს მხარემ მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მოითხოვა გადმოსაცემად 4 სხვადასხვა სისხლის სამართლებრივ საქმეზე, მათ შორის იყო დეპუტატ გელაშვილის ცემა, 9 მილიონი ლარის გაფლანგვა, ნოემბრის საქმე და "ტელეიმედის" საქმე. ამ საქმეებზე ჩვენ მოვითხოვეთ 2014 და 2015 წელს ექსტრადიცია. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როდესაც ითხოვ ექსტრადიციას, გადმომცემი სახელმწიფო ან დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ან არა. უკრაინულმა მხარემ მაშინ, 2015 წლის აპრილში თქვა, რომ ჩვენ ვერ გადმოგცემთ მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ გვეჩვენება, რომ ეს დევნა არ არის წმინდა სამართლებრივიო. როგორც ჩანს, მათ დღეს პოზიცია შეცვალეს. როგორც კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.