აქტუალური
„ღირსეული პარტნიორი 2017“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. „ძალა პარტნიორობაშია“ - ეს მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება. "ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლება ,,SABER GUARDIAN 2017“
ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში. ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს, საბრძოლო ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას.