აქტუალური
გიორგი მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა დაეთმო

    საქართველო, 31 ივლისი, სქინფორმი. „როდესაც ბატონმა სააკაშვილმა უარი თქვა მოქალაქეობაზე, მე ვთქვი, რომ ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი, უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. მას არ უნდა მიეტოვებინა ქვეყანა, რომელმაც ორჯერ ანდო პირველი პირის და ქვეყნის მთავარსარდლის როლი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარასკევს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა "Страна.ua" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.