უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს Facebook-ზე გამოეხმაურა. "სააკაშვილის ბედისწერა საოცარია: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალქეობა ჩამოერთვა; უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, ადამიანი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. საოცარია, უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრულობა - მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქედ, დანიშნო ის გუბერნატორად, შემდეგ წაართვა უკრაინის მოქალაქეობა და დათანხმდე მის ექსტრადიციას საქართველოში. ეს ყველაფერი - უტყუარად ადასტურებს ამ ორი ადამიანის მაღალ ზნეობრივ ფასეულობებს, რომლებმაც ეს ტრაგიკომედია გაითამაშეს. Show must go on ... ", - წერს მედვედევი Facebook-ზე.
26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 

 წყარო - https://imedinews.ge/ge/msoflio/21344/dimitri-medvedevi-saakashvilistvis-ukrainis-moqalaqeobis-chamortmevis-paqts-gamoekhmaura