საზოგადოება
პარლამენტმა მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი - ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები - პარლამენტმა 81 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა. 
კანონპროექტით იცვლება მცენარე კანაფის და მარიხუანას დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 750 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამით.
ცვლილება შედის ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისთვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისთვის, ალტერნატიულ სანქციებთან ერთად, გათვალისწინებულია მოქმედ რეჟიმთან შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის თავისუფლების აღკვეთა.