აქტუალური
უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“ - ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შემდეგ მოიხსენია. ანა დოლიძის თქმით, ქართველი საზოგადოება შესაბამის ადგილს მიუჩენს მსგავს საქციელს.
"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“, რომელიც გარკვეული ვითარების გამო მოხვდება თანამდებობაზე და შემდეგ შეურაცხყოფას აყენებს გარშემო ყველას. სამწუხაროდ, ის ასევე შეურაცხყოფას აყენებს ათიათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, რადგან უდიერად მოიხსენიებს მოსამსახურეებს და ფიქრობს, რომ ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზებივით, რომელთაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შევახსენებთ საქინფორმის მკითხველს: ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთ ენაზე ლაპარაკობენ და ეს გასაკვირი არ არის. მან ანა დოლიძეს შენიშვნაც მისცა და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ერთია პოლიტიკური გამოსვლები და მეორეა ექსპერტული შეფასება გარკვეული ცვლილებების და რეფორმების. ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ აქ, სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, ვერც ოპოზიციის მხრიდან, პოლიტიკური შეფასებების გარდა ვერაფერი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ჩემი ვალდებულებაა, დავიცვა ეთიკის სტანდარტები. ეთიკის სტანდარტები, მათ შორის, მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება შედიოდეს პოლიტიკოსთან პოლემიკაში. საჯარო მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკოსი არის პოლიტიკოსი, ეს არის უმარტივესი სტანდარტი, რომელიც არის დადგენილი საყოველთაო თეორიით პოლიტიკის, საჯარო სამსახურის და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ყველა საჯარო მოსამსახურეს კანონის ცოდნა და მისი პარლამენტში დაცვა ევალება.
„არ შეიძლება საჯარო მოსამსახურეს თავისი თავი ეგონოს პოლიტიკოსი“, - აღნიშნა კობახიძემ.