აქტუალური
NDI: ქვეყნის მოსახლეობის მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილები რჩება

   საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის მთავარ პრობლემად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. 2009 წლიდან უმუშევრობა ნომერ პირველ პრობლემად სახელდება, 2017 წელსაც იგივე პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 52 პროცენტს.

კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, 52% - სამუშაო ადგილებს, 31% - სიღარიბეს, 30% - ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს; 28% ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას; 25% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 22% - პენსიებს, 16% კი ხელფასებს ასახელებს.

კითხვაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში - მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ძალიან გაუმჯობესდება. 22% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდება, 51%-ისთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩება, 10%-ისთვის ნაწილობრივ გაუარესდება, 2% კი აცხადებს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში ძალიან გაუარესდება.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, ხოლო 38% - დასაქმებულად.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.