უცხოეთი
პატრიოტთა ალიანსმა რუსი დეპუტატები საქართველოში დაპატიჟა

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" მოწვევით, რუსეთის დუმის დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ კალაშნიკოვმა Известия-ს უთხრა.
კალაშნიკოვის თქმით, ვიზიტის მიზანი ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებებია.
"თბილისში აუცილებლად ჩავალთ. რუსი დეპუტატები მინიმუმ 10 წელია საქართველოში არ ყოფილან. ამ ტიპის კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვანია მთელი რიგი საკითხების გადასაჭრელად", - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
11 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. როგორც ირმ ინაშვილმა განაცხადა, რუსეთის სათათბიროში შეხვედრას გარდამტეხი შედეგები მოჰყვა. რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო-ნატო-რუსეთის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დიდიე რეინდერსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს.


რესურსი - https://imedinews.ge/ge/saqartvelo/20348/patriotta-aliansma-rusi-deputatebi-saqartveloshi-dapatija