საზოგადოება
პრემიერი კვირიკაშვილი: უკრაინელი და ქართველი ერების გზას ევროპისკენ ვერაფერი შეცვლის

    საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ, საქართველო და უკრაინა, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რუსეთის ქმედებებმა - ჩვენი ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ - დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პორშენკო დაესწრო.

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას. საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ევროპული ინტეგრაციის გზაზეც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროპულ ოჯახს.

იმის მიუხედავად, რომ ამ გზაზე ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცე და უცვლელია, ჩვენი გზა არის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახისკენ მიმართული. ვერაფერი შეცვლის ჩვენი ხალხების გადაწყვეტილებას, - განაცხადა პრემიერმა.