პოლიტიკა
საქართველოს არ აქვს მინსკის შეთანხმების მსგავსი ინსტრუმენტი - პოროშენკოს განცხადებას პრეზიდენტის სასახლეში უხერხულობა მოჰყვა

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ოკუპაცია და რუსული აგრესია საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრებზე მთავარი თემები იყო. ამ საკითხზე პოროშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი პრეზიდენტის სასახლეში მცირე უხერხულობაც მოჰყვა.

„მინსკის შეთანხმება უნიკალური ინსტრუმენტია, საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს მსგავსი ინსტრუმენტი რუსეთის მიერ ხელმოწერილი ვალდებულებების სახით. ის, რომ გაეყვანა ჯარები, შეეწყვიტა ცეცხლი, ტყვეები გაეთავისუფლებინა, ეუთო შეეშვა მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს რუსეთის ვალდებულებაა და ეს არის ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს. სამი წელი მთელი მსოფლიო რუსეთს ამით არ სჯიდა, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებდა. რუსეთი ჩვენ აფხაზეთის სცენარით გვაშანტაჟებდა, რომ აღიარებდა დონეცკსა და ლუგანსკს, მაგრამ ცხოვრობს ხალხი აფხაზეთში ბედნიერად? ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე არიან, მაშინ, როცა საქართველოში რეფორმებია სახეზე. იგივე ვითარებაა უკრაინაში“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

საქართველოს პრეზიდენტმა კი მას დელიკატურად შეახსენა, რომ 2008 წელს საქართველო ომის წინაშე იდგა, რომლის შედეგად ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და სწორედ ამ დროს გაფორმდა სარკოზი-მედვედევის 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სადაც ლაპარაკია ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

„ეს არის ერთი ომი საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რადგან მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ ახლა ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე. არ სრულდება მინსკის შეთანხმება, საერთოდ არ შეუსრულებია რუსეთს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებები. არსებობს 1994 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად რუსეთი გარანტიას იძლეოდა უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. ეს შეთანხმება, ბუდაპეშტის მემორანდუმი, საერთოდ დაკარგულია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.