საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. "საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მომღერლისა და მსახიობის გია გაჩეჩილაძის (სასცენო ფსევდონიმი "უცნობი") პერფორმანსს - ეკლესიაში მამა სერაფიმესთან ერთად - თავის Facebook-გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
"ეკლესია არის უფლის სახლი, სადაც ადამიანი უფალს და პირიქით სახარების ენით ყვირილის გარეშე ელაპარაკება! და აღსარება - ყოველი ჩვენგანის უდიდესი საიდუმლო, რომელსაც მოძღვარს ჩუმად, მის მიერ თავდაფარებულნი, სინანულით თავჩაღუნულნი, და არა თავაწეულნი ვაბარებთ...
მაგრამ "უცნობმა" "დინამოს" სტადიონზე სახელმწიფო დროშაზე ფეხებით ირბინა (მერე ხალხს "დინამო" რომ გაუკეთეს) - და ეკლესიაში რატომ არ მოაწყობდა პერფომანსს, რო?! ეკლესია მას ხომ "საკანი" ჰგონია! მაშინ რას ვერჩოდით მიშას, საკურთხევლიდან სიტყვით რომ გამოდიოდა?! რაც შეეხება იმ მამაოს, ეკლესია ფილარმონიად რომ აქცია, მინდა შევეკითხო - მარტო ლუჟკოვის "დონეებს" შეუძლიათ, კონცერტებს დაესწრონ თუ ბილეთები ჩვეულებრივ მოკვდავებზეც იყიდება?!"