აქტუალური
პირველი ბიზნეს ფესტივალი ანაკლიაში გაიხსნა

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ანაკლიაში პირველი ბიზნეს ფესტივალი „ანაკლიობა 2017“ გაიხსნა. ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ და USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა გახსნეს. გახსნის ცერემონიალს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

ფესტივალი ბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების კომპლექსს წარმოადგენს. „ანაკლიობაში“ მონაწილე 50-ზე მეტ კომპანიას საფესტივალო ქალაქში დარჩენა მთელი თვის განმავლობაში უფასოდ შეეძლება.

ფესტივალი მიზნად ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს და მასში ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს.

პირველ ბიზნეს ფესტივალს ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და USAID-ის პროექტი Zrda ახორციელებენ.

ანაკლიის ბიზნეს ფესტივალს საფუძველი წელს ჩაეყარა და ამიერიდან ის ყოველწლიურად გაიმართება.