სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

 გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს 
მოქალაქეებს ქ. თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და 
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების ქ. თბილისის 
მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას 
დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა 
მოითხოვა. გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ, უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

 მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს 
ქრთამის სახით გამოართვა 3000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

 გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც 
სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.