პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილის განცხადებით, 135 სოფელი დაკარგული გახლავთ არა „მცოცავი ოკუპაციის“ შედეგად, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი!

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპაციის თემის, რომელიც უკავშირდება სამხრეთ ოსეთის მხრიდან საზღვრებზე ბანერების გამოფენას, კომენტირებისას განაცხადა:

"ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომლებსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება. ჩვენს ხელისუფლებას არცერთი წუთი არ გაუტარებია ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერი პირველი ჩვენს დღის წესრიგში. ჩვენი ოპონენტები ამაზე ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებენ, თითქოსდა, არსებული საკითხი აღარ გვაქვს პირველ შრეში. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას ყველაფერი შესაბამისად ხაზგასმით აღვნიშნე. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველ საკითხად ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. მინდა, ეს თქვენც იცოდეთ, რადგან ეს არის სიმართლე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ 135 სოფელი დაკარგული გახლავთ არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი, არამედ ოკუპაციის შედეგად. და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა“.