ე.წ. „ღორის გრიპი“ საქართველოში ცოტა ხნის წინ ისევ გავრცელდა. დაავადებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უკვე გარდაიცვალა.
გუშინ კი H1N1 ვირუსით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ერთ–ერთი სამხედრო მოსამსახურე, გვარად გიორგაძე გარდაიცვალა, რომლის წოდებას და სხვა პირად მონაცემებს თავადაცვის სამინისტრო ოჯახის ნებართვის გარეშე არ ახმაურებს. ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი სამხედრო წევს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქინფორმი ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს და უწყების დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა სააგენტო თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართეს და აღნიშნეს, რომ მსგავს შემთხვევებში დაავადებაზე მონიტორინგს ახალაიას უწყება ახორციელებს და ურუშაძის სამინისტროს სამხედროების დაინფიცირების შემთხვევები არ ეხება.
გაურკვეველია, რატომ არ ეხება ეს კონკრეტული შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, უწყების სახელწოდებიდან გამომდინარე, თუმცა ამ გაურკვევლობაში ნაწილობრივ გაგვარკვია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ, რომელმაც საქინფორმთან საუბარში აღნიშნა, რომ დაავადების ბატალიონებში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„სამხედროები მუდმივად გადიან სამედიცინო შემოწმებას და შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ დაავადების გავრცელების საფრთხე სამხედრო ნაწილებში არ არსებობს. ის სამხედრო, რომელიც გარდაიცვალა, შესაძლოა სადმე იყო წასული და დავირუსდა, სხვაგვარად სამხედრო ნაწილებში ვირუსი არ გავრცელდებოდა“, – განაცხადა მახარაძემ.