პუბლიკაციები
შვიდკოი: საქართველო და რუსეთი მეგობრები უნდა იყვნენ და არა ნათესავები

    საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა, საზოგადო მოღვაწე მიხაილ შვიდკოიმ თბილისში "ბავშვობის გემოზე" ისაუბრა და სინანულით აღნიშნა, რომ რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის კონტაქტები არ არის.

 რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში მიხაილ შვიდკოიმ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

 რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე მიხაილ შვიდკოი თბილისში საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმზე საპატიო სტუმრის სახით იმყოფება. მედიაფორუმი ხუთშაბათს დაიწყო.

 „ჩემოვედი მედიაფორუმზე, რომელსაც ორგანიზაცია "ჩრდილოეთი-სამხრეთი" ატარებს. ესაა მედიის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ამიერკავკასიის სახელმწიფოების მასმედიის წარმომადგენლები და მათი რუსი კოლეგები. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ, რა ხდება მედიასივრცეში, რა ხდება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, რა ხდება ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში, რამდენადაც დსთ-ის ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის თავმჯდომარე ვარ", — აღნიშნა შვიდკოიმ.

 მისი განცხადებით, ის თბილისში სულ დღენახევარი დაჰყოფს, მაგრამ აუცილებლად გამონახავს დროს სასაფლაოზე მისასვლელად, სადაც მისი ძველი მეგობრები და ნაცნობები არიან დაკრძალული.

 „ბუნებრივია, აქ ჩამოსვლით ვისარგებლებ, რომ გავიდე სასაფლაოზე, სადაც, სამწუხაროდ, ჩემი ბევრი მეგობარი იმყოფება", — აღნიშნა შვიდკოიმ.

 თბილისში ის არაფორმალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. მხარეები ორი ქვეყნის ხალხების კულტურისა და ჰუმანიტარული კონტაქტების საშუალებით დაახლოების საკითხზე მსჯელობას აპირებენ.

„არასაკმარისი კონტაქტებია, პირველ რიგში, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. ეს იმას უკავშირდება, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას, ვინც 35 წელზე ნაკლები ასაკისაა, სხვაგვარად აეწყო ცხოვრება. ამ ახალგაზრდებს სხვა პრიორიტეტები, სხვა ფასეულობები აქვთ. მიუხედავად ამისა, რუსეთისკენ მიზიდულობა არსებობს… და რუსეთშიც არის მოთხოვნა საქართველოზე — ქართულ ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, სამზარეულოზე. ამ შემთხვევაში ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის ასეთი სეგმენტი არის", — განაცხადა შვიდკოიმ.

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შედეგად ორივე მხარემ წააგო, დარწმუნებულია შვიდკოი. ამ კონტექსტით მთავარი დანაკარგი დღევანდელ ახალგაზრდობას შორის კონტაქტის არარსებობაა.

„ჩვენ არც ისე დიდი დრო დაგვრჩა, რომ ეს აღვადგინოთ. ალბათ, ასე, 10 წელი, მეტი არა. როდესაც ადამიანთან ურთიერთობა ყოველდღე გაქვს, იცი მას რაზე ესაუბრო, იცი მისი ცხოვრების წვრილმანები, ხოლო როდესაც მას შორდები ერთი ან სამი წლით და შემდეგ როცა ხვდები, საუბრის თემის ძებნას იწყებ. ეს თემები ძალზე ხშირად ხელოვნურია. ასეთ განხეთქილებებს, ფართო კონტაქტების არარსებობას იმასთან მივყავართ, რომ რაღაც მომენტში ადამიანები საუბრისთვის სხვა პარტნიორებს, სხვა მეგობრებს პოულობენ. ამაში არანორმალური არაფერია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს, სისულელე იქნება, ეს მემკვიდრეობა სწორად არ განვკარგოთ", — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა დამყარდეს არა იმდენად ნათესაური, რამდენადაც მეგობრული ურთიერთობები, მიიჩნევს შვიდკოი.

„ნათესავები — ეს საშიში სიტყვაა. იყო ასეთი ანეკდოტი 1968 წლის შემდეგ: ჩეხეთის სკოლაში მასწავლებელი ბავშვებს ეკითხება, ვინ არიან რუსები ჩვენთვის — ნათესავები თუ მეგობრები. ბავშვმა ხელი ასწია და ამბობს: რა თქმა უნდა, ნათესავები, რადგან მეგობრებს თვითონ ირჩევენო. ასე რომ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა რუსეთი იყოს ნათესავი, რომელიც აირჩიეს, ისევე როგორც საქართველო. ჩვენ ნათესავები ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩვენ ამასთან ერთად ერთმანეთს ავირჩევთ. ვფიქრობ, რომ აქ ყველა შესაძლებლობაა", — აღნიშნა შვიდკოიმ.

დასასრულს რუსმა სტუმარმა თბილად გაიხსენა „ბავშვობის გემო", რომელიც ქართულ სამზარეულოს უკავშირდება.

„საბჭოთა დროს ლაღიძის წყლებსა და ხაჭაპურზე გემრიელი არაფერი იყო. ეს საოცარი, გენიალურია. ხოლო თავისუფლების — მაშინდელ ლენინის მოედანზე შესანიშნავი სახინკლე იყო, საუკეთესო. იქ მივედი, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი და შოკში ვიყავი. იქ იდგა ადამიანი, წინ ედგა 10 ჭიქა კაკაო — იქ კიდევ ასხამდნენ კაკაოს — პურზე კარაქს უსვამდა, ჭამდა და კაკაოს სვამდა. ვიკითხე, რას აკეთებს-მეთქი. მიპასუხეს — საღამოს თამადა იქნებაო…", — გაიხსენა შვიდკოიმ თბილისური მოგონებები.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის საპასუხოდ, თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.