საზოგადოება
რიმა ბერაძის ინიციატივით ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის  - "ახალი სიცოცხლე" მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. 

აქციაში 150-მდე მოქალაქემ, მათ შორის, სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ასევე სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს კონსულტაციას ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექოსკოპისტი და ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები უწევდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ.

რიმა ბერაძემ კლინიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის  ინიციატივით  ანალოგიური აქცია მეხუთედ ტარდება.