საზოგადოება
ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება! - ნუკრი ქანთარია

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. „ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება, ეს მისი გადასაწყვეტია“, - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობას თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში. „ალბათ, არ ჩაერთვება, იმიტომ, რომ გასულია პოლიტიკიდან ამ შემთხვევაში და წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მან, როგორც მოქალაქემ, ჩათვალა, რა თქმა უნდა, რომ გვერდზე უნდა დადგომოდა იმ გუნდს, რომელიც მან ჩამოაყალიბა, ახლაც შეიძლება მას ეს აზრი გაუჩნდეს და როგორც მოქალაქეს, მას ამისი უფლება აქვს“, - განაცხადა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილს ნომერ პირველ პოლიტიკოსად ასახელებს. მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილს აღარ დაკონტაქტებია და, ასევე, მიუთითა, რომ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის აუცილებლობა არ დგას.

ქანთარიას თქმით, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებაზე გუნდში კონსენსუსი არსებობს, თუმცა პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი ჯერ არ განხილულა. „კალაძემ მოახერხა პერსპექტივაში, ძალიან მოკლე დროში პოლიტიკურად მომწიფება და გაზრდა და ეს თვალში საცემია, მგონი, ყველასთვის. როგორც ორგანიზაციული უნარი გამოამჟღავნა, ასევე ძალიან ბევრი, პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისება“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.