საზოგადოება
მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ მამა გიორგი დააპატიმრეს! - ილია II

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა. „მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე მაინც გამოვლინდება. გავიგებთ სიმართლეს, ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია. მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი!",  - განაცხადა უწმინდესმა.

ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქთან შეხვედრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა ილია მეორეს მისი თავდებობით საქმის გამოძიების დასრულებამდე დეკანოზის გათავისუფლება სთხოვა. როგორც პატრიარქთან შეხვედრისას დეკანოზის ძმამ განაცხადა, საქმეზე სიმართლის დადგენას თვეები სჭირდება, ციხეში ყოფნა კი როგორც მამა გიორგისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის დამთრგუნველია. თორნიკე მამალაძის თქმით, შესაძლებელია, რომ თავდების პირობებში მამა გიორგი მამალაძე ან მონასტერში, ან პატრიარქთან იყოს. თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომების ღიაობის აუცილებლობაზეც ილაპარაკა.

"შეწყალებას ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ არ ვითხოვთ საქმის შეჩერებას, ჩვენ გვსურს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. ეს საქმე ჩვენი ოჯახის და ეკლესიის დისკრედიტაციას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქმის შეწყვეტას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, სხდომები, რაც დღეს იმართება, ეს იყოს საჯარო", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.