სამართალი
შსს-მ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 3 პირი: 1981 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.თ., 1962 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი ა.ტ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ფ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტებით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ შპს „ნოვა ტექნოლოჯის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორებს - ლ. მ-ს და გ.მ-ს, რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ავტომანქანა და 101 ათასი ლარი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გატაცებული ავტომობილი რამდენიმე წუთში იპოვეს, დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი კი მომხდარიდან მესამე დღეს დააკავეს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.