რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობის შეხვედრა დღეს შეუძლებელია”

   “მოსკოვში წასვლას თბილისში საკითხის მოუგვარებლად არანაირი აზრი არა აქვს

 
საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. მკითხველების შეკითხვებს “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი პასუხობს.

- პატივცემულო რედაქცია! ბოლო ხანებია, საქართველოში რამდენიმე მცირერიცხოვანი პარტიის “სახეები”, ცალკეული პარლამენტარები და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები დროდადრო მოსკოვში გამგზავრების სურვილსა და მზადყოფნას გამოთქვამენ - “კრემლთან დიალოგის დასაწყებად”. ხოლო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრის დაწყებისკენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, “როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ძალას”. რომელი მათგანია მართალი?

არნო ხიდირბეგიშვილი: პრინციპში მართლები მეორენი არიან. ქართულ-რუსული ურთიერთობა იმან უნდა აღადგინოს, ვინც გაწყვიტა - ოფიციალურმა თბილისმა, ქართული სახელმწიფოს პირველმა პირებმა, რომლებსაც ძალაუფლების რეალური ბერკეტები აქვთ - პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხოლო თუ წინასწარ არაოფიციალურ შეხვედრას აზრი აქვს (მსოფლიო პრაქტიკას ახსოვს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კისინჯერის და მისი რუსი კოლეგის პრიმაკოვის წარმატებული მისიები), მაშინ ეს, შესაძლოა, იყოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან (პრეცედენტები, თუმცა კი წარუმატებელი, არსებობს - პრეზიდენტ პუტინის შეხვედრები პატიაშვილთან, ბურჯანაძესთან, ნოღაიდელთან). მის ორგანიზებაში დახმარება შეუძლიათ ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობენ რუსეთსა და საქართველოში დამსახურებების, ნიჭის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმის გამო.

ნებისმიერი სხვა თვითშემოქმედება, რომელიც ცალკეული ქართველი პარალამენტარების, “პრორუსი” პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეებისგან მოდის, საეჭვო ბექგრაუნდის მქონე “ენთუზიასტების” უსაგნო ლაყბობაა - ეს არის ან ლაპარაკი ღარიბების სასარგებლოდ (ანუ იაფფასიანი პიარი, რომელიც რუსეთთან ძველ მეგობრობაზე მოსახლეობის ნოსტალგიაზეა გათვლილი) ანდა კარგი ბიზნესი (ცნობილი რუსული ორგანიზაციებისგან გრანტების გამოთხოვა “ატკატიანი” ფიქტიური ერთჯერადი ღონისძიებებისთვის “საქართველოში რუსული სამყაროს, ენისა და რუსი თანამემამულეების მხარდაჭერის” ლეგენდით).

- შესაძლებელია თუ არა უახლოეს ხანებში რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ ხელისუფალთა შეხვედრა?

არნო ხიდირბეგიშვილი: არა, არ არის შესაძლებელი. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლები არ ჩავლენ მოსკოვში, იმიტომ რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განალაგა, რასაც ოფიციალური თბილისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის, აგრესიის, ოკუპაციის და ანექსიის კვალიფიკაციას აძლევს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლები არ ჩავლენ მოსკოვში, რომელიც უკმაყოფილოა საქართველოში ნატოს შემოსვლით, რასაც ოფიციალური თბილისი არაფრით დათმობს - მეტისმეტად ბევრი ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, მეტიმეტად ბევრი ფული და შეიარაღებაა მიღებული...

- ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ შეხვედრა მაინც შედგა. რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ?

არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთის ხელმძღვანელობა ასეთი შეხვედრისთვის მზად არის, ეს არაერთგზის გამოცხადდა, მაგრამ მისი ინიციატორი რუსეთი არ იქნება. საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც მტკიცედ ატარებს “უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს”, ასეთ შეხვედრას არ მოითხოვს - “სტრატეგიულ მოკავშირესთან” შეთანხმების გარეშე მსგავსი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მათ არაფერში სჭირდებათ და ამიტომ მისთვის არ ემზადებიან.

თანაც რა აზრი აქვს? მოსკოვში ჩავიდნენ და თქვან - “გამარჯობა”?! რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან არ წაიღებს, ღვინოს კი კარასინი და აბაშიძე ორნიც კარგად უმკლავდებიან...

ამიტომ მოსკოვში წასვლას თბილისში საკითხის მოუგვარებლად არანაირი აზრი არა აქვს - რა, როგორი ალტერნატიული წინადადებები შეგვიძლია შევთავაზოთ რუსეთს? რა გარანტიები მივიღოთ სანაცვლოდ ჰიპოთეტური კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში? რა კომპრომისია შესაძლებელი საქართველოსს მიერ ნატოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, სადაც მას ისედაც არ მიიღებენ, სანამ მკაფიოდ მოხაზული საზღვრები არ ექნება, ანუ სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს? რუსეთმა ხომ სწორედ თავისი სამხედრო დოქტრინიდან, კერძოდ - სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შექმნილი საფრთხისგან რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე გახსნა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს მასსა და საქართველოს სახით ნატოს შორის ბუფერს წარმოადგენს და რომელთა აუცილებლობა მოიხსნება, თუკი საქართველო ნატოზე უარს იტყვის (დადებული შეთანხმებების დენონსაციას მოახდენს, ერთობლივ ცენტრებს დახურავს და არ ჩაატარებს ყოველწლიურ ერთობლივ სწავლებებს “Noble Partner” и “Agile Spirit”).

ქართულ-რუსული ურთიერთობის აღდგენისთვის ასეთი ფასის გადახდა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და არ შეუძლია, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების გულისთვის რუსეთთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, ამიტომ შეხვედრას არავითარი აზრი არა აქვს, რაც ორივე მხარეს ესმის, ამიტომ დღევანდელ სტატუს-კვოში არანაირი შეხვედრა არ შედგება.