აქტუალური
აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. “აფხაზი ოტელიერები საჩქაროდ ამცირებენ ფასებს და სპეცწინადადებებს სთავაზობენ იმ იმედით, რომ რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ამ მიმართულებაზე მოთხოვნას დააბრუნებენ, რომელიც 2016 წელთან შედარებით 30-დან 80%-მდე შემცირდა”, - იუწყება რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია.

საპაკეტო ტურების დაჯავშნის სერვისის მონაცემებით, წელს აფხაზეთში ტურები რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 0,95%-ს აინტერესებს. აფხაზეთი პოპულარობით მე-14 ადგილზეა (შედარებისთვის - 2016 წელს ტურები აფხაზეთში რუსების 2,06%-ს აინტერესებდა და ის პოპულარობით მე-11 ადგილს იკავებდა). აბსოლუტურ ციფრებში ტურისტების რაოდენობა აფხაზეთში წლიურ გამოხატულებაში 1,7-ჯერ შემცირდა.