პოლიტიკა
კონსტიტუციის პროექტის რიგით მეორე განხილვა – კვლავ ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში გაგრძელდება. სესიაზე დეპუტატები ამჯერად პროექტის მესამე ნაწილზე იმსჯელებენ, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეხება.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბარი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის ფონზე ჩატარდა - სამივე ოპოზიციური ფრაქცია ერთმანეთის მიყოლებით სხდომათა დარბაზიდან მწვავე განცხადებების შემდეგ გავიდა და „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარი პროექტის პირისპირ მარტო დატოვა.

„ისინი დაბრუნდებიან მალე. თუ არ დაბრუნდებიან, ოპოზიციის ადგილებს პარლამენტში დაიკავებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, მაშინ, როდესაც შემდეგი არჩევნები მოვა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. 

ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე წარმოდგენილ დოკუმენტს ერთი პარტიის კონსტიტუციას უწოდებს. 

"ამ კონსტიტუციას ექნება ლეგიტიმურობის პრობლემა, რომელიც არის არადემოკრატიული, არათავისუფალი, რეალურად ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო", - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა.