ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოსახლებისას დევნილის ცემის ფაქტს უარყოფენ, ხოლო "სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლებს სიცრუეში ადანაშაულებენ.
"ეს დეზინფორმაციაა. დევნილთა განსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. "სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ და ამით სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ გამოსახლების პროცესის დაკვირვებისას ჩხეიძის #8-ში ინციდენტს შეესწრნენ. მათი ინფორმაციით, გამოსახლების დროს პოლიციის თანამშრომელმა კოდორიდან დევნილი, 65 წლის იური სვანიძე სცემა.
გამოსახლება აღნიშნულ ობიექტზე დილიდან დაიწყო და უკვე 80-მდე ოჯახი გამოასახლეს.