დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მერიის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისში ტრამვაის ხაზის მარშრუტის დასადგენად,სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის, მგზავრობის ხასიათის, მგზავრთა ნაკადისა და მოქალაქეების სამგზავრო ჩვევების ანალიზის ჩასატარებლად კვლევა ჩატარდება, რომელსაც ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმარებითი კომპანია "სისტრა" განახორციელებს.
პრეზენტაციას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და კომპანია "სისტრას" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროექტის ღირებულება ერთი მლნ დოლარია.კვლევის შედეგად თბილისში რვა ათასი ოჯახის გამოკვლევა მოხდება, რომელიც 26 იანვრიდან დაიწყება და აპრილის ბოლომდე განხორციელდება. თავად კვლევის პროცესს კომპანია IPM განახორციელებს.
თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ IPM-ის წარმომადგენლებს კვლევის ჩატარების პროცესში.
მერიის ახალი წამოწყების შესახებ საქინფორმის კორესპონდენტმა რამდენიმე ქართველს უკვე ჰკითხა აზრი:
ნონა, 54 წლის: "საერთოდ არ ვაპირებ ტრამვაით სიარულს და მითუმეტეს არ მაინტერესებს მათი კვლევა, რომელშიც 1 მილიონ დოლარს ხარჯავენ. ეგ ფული ხალხს მოახმარონ და მარშრუტი თვითონ დაგვიწესონ, ავტობუსების უაზრო მარშრუტები ხომ სულ ხალხის შედგენილია..."
დავითი, 40 წლის: "დიდად გამეხარდა ტრამვაის გაკეთება–თქო, ვერ ვიტყვი, ტრამვაიმდე ჯერ კიდევ ბევრი რამეა საქართველოში გასაკეთებელი, მაგრამ უბრალო მოკვდავნი ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ კვლევისთვის 1 მილიონი რა უბედურებაა? სხვა რამეებს ხომ სულ ჩვენთან შეთანხმებით აკეთებენ და ახლა მარშრუტის შეთანხმებაღა დაგვრჩა მერიასთან. ფასები რომ ძვირდება, მაგაზე რატომ არავინ აკეთებს კვლევას და ხალხს არაფერს ეკითხება? ნუთუ ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის?"
ანა, 24 წლის: " გასაგებია და ძალიან მიხარია, რომ ტბილისში ტრამვაი იმოძრავებს, მაგრამ ჯობს, კვლევა მარშრუტზე კი არა, ფასზე ჩაატარონ მგზავრობის საფასურზე, თორემ ისე ძვირდება საქართველოში ყველაფერი, რომ კვლევაც და ტრამვაიც უკან დაგვრჩება მალე ქართველებს".