რელიგია
იეზიდების ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ა.წ. 12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იეზიდები ეწვივნენ. იეზიდები  ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში.  ნაწილი კი, _ საქართველოში(XIX საუკუნიდან), სომხეთში, თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მათი რელიგიური ცენტრი მდებარეობს ერაყსა და თბილისში. მსოფლიოს მასშტაბით იეზიდთა რწმენას მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.

სტუმრებს შეხვდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საგვარეულო კავშირის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ლაშა ჟვანია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ტოლერანტული თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის.

იეზიდებმა გამოხატეს დიდი მადლიერება საქართველოსა და საქართველოს ეკლესიისადმი მათ მიმართ  გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის და აღნიშნეს, რომ ამ დამოკიდებულებას თავის მხრივ ყოველთვის დიდი სიყვარულით უპასუხებენ.