სამართალი
სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემები - არასამთავრობოები ძირეულ რეფორმას ითხოვენ

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოსა და სამართალდამცავ სისტემაში ძირეულ რეფორმას და არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საფუძვლიან გადახედვას ითხოვენ. კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” და საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ, სადაც ქვეყანაში სამართალდამცავ სისტემაში არსებულ პრობლემებზეა ლაპარაკი.

„სისტემური პრობლემა არის ის, რომ დღესდღეობით პოლიციას არ ჰყავს პოლიცია. არ არსებობს ის მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს იმ დანაშაულებს, რომელსაც სჩადიან პოლიციელები. არ არსებობს ეფექტური სამართლებრივი რეგულაციები პოლიციასთან დაკავშირებით, პოლიციას აქვს დეპოლიტიზების ხარვეზები, სამართალდამცავი სისტემები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგანან და აუცილებელია, ამ საქმეებში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სწორედ ასეთი სისტემური ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.