პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებები - კანონმდებლები ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან

   საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე 3 დღე რჩება.

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რეკომენდაციები მკაცრი არ იქნება - “ქართულ ოცნებაში” უარყოფითად არც პირველად შენიშვნებს მიიჩნევენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ზეგავლენა მოეხდინათ ჩვენზე და საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ აქ იყო უხეში შეცდომები დაშვებული, ამ წინასწარ დასკვნაში და მე მოველი, რომ არც საბოლოო დასკვნაში არ იქნება უარყოფითი შეფასებები. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც წარმოდგენილია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, იქნება გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნებიც", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნის პირველად ვარიანტთან დაკავშირებით განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ პროექტი ერთ პარტიაზეა მორგებული.

ჩვენი პოზიციაა, რომ მთელი ეს პროცესი დაიწყოს თავიდან. იყოს ჩართულობა, რომელიც არ იყო, იყოს კონსესუსი, რაც ახლა არ არსებობს და ეს იყოს ქართველი ხალხისთვის მისაღები, რაც ახლა ასევე არ არსებობს, - აცხადებს ნიკა რურუა.

ვენეციის კომისიის შენიშვნებთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირებას ელოდება “ევროპული საქართველო”.

„პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიჰქონდა ყველა გაუნაწილებელი ხმა, რაც ცალსახად არასწორი სისტემაა, ვენეციის კომისიამ ეს დაადასტურა. ჩვენ ველოდებით რეაქციას ხელისუფლებისგან. მათ აქვთ დადებული პირობა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გადაუხვევდნენ. ვნახოთ, როგორ შეასრულებენ ამ პირობას“, - ამბობს ოთარ კახიძე.