რედაქტორისგან
“საქინფორმის” საგანგებო მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს

   ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

სწორედ თქვენი განცხადების წყალობით გასულ პარასკევს, 2017 წლის 9 ივნისს, ქართველმა საზოგადოებამ შეიტყო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამჟღავნების აღმაშფოთებელი ფაქტი.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო “უმაღლეს დონეზე გამჟავნების ამ ფაქტით ძალზე შეშფოთებულია”, რადგან დოკუმენტი, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმას ეხება, წინასწარი ხასიათისაა, ამიტომ ვენეციის კომისიის დაჟინებული თხოვნა იყო, ის არ გახმაურებულიყო.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საიდუმლო დოკუმენტის შინაარსი თავის დიდი ხნის ახლო მეგობარს გიგა ბოკერიას გაუზიარა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის დროს უშიშროების საბჭოს მდივანი და  მაშინდელი მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღიარებული იდეოლოგი გახლდათ.

ხაზი გავუსვათ, რომ დღეს ბოკერია, დღევანდელი ხელისუფლების წყალობით, არა გლდანის მე-8 დაწესებულების ტუსაღი, არამედ პარლამენტარი და სააკაშვილის “ნაცმოძრაობისაგან” დაკვირტული პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერია, რომელიც “ნაცმოძრაობის” კადრებისა და ელექტორატის ბაზაზე შეიქმნა; რომ ორივე ზემოთ მითითებული პარტია, “გაყრის” მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა უცვლელი რაოდენობითაა წარმოდგენილი და მმართველი პარტია “ქართული ოცნებისაგან”  საპარლამენტო უმრავლესობის შეურიგებელ  ოპოზიციას წარმოადგენს.

ამგვარად გაჟონა ინფორმაციამ მედიაჰოლდინგ “ტაბულაში”, რომლის ხელმძღვანელი გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი გახლავთ. “ტაბულამ“, როგორც თქვენ, ბატონო ირაკლი, აღნიშნეთ, ვენეციის კომისიის წინასწარი რეკომენდაციების „სიტყვასიტყვით ციტირებული კონკრეტული ჩანაწერები“ გამოაქვეყნა, რომელიც „რეალურად მხოლოდ ორ სუბიექტს ჰქონდა“ - პარლამენტის თავმჯდომარეს, ანუ თქვენ, და  საქართველოს პრეზიდენტს.

ბატონო ირაკლი!

  როგორ მიგაჩნიათ - უნდა ასრულებდეს თუ არა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის და მისი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოვალეობებს თავისი ანტისახელმწიფოებრივი საქციელის შემდეგაც, რომელიც ლამის სამშობლოს ღალატს უდრის? მაშ, სხვა რა ვუწოდოთ მის მიერ შეგნებულად ორგანიზებულ სუპერმნიშვნელოვანი კონფიდენციალური სახელმწიფო ინფორმაციის გაჟონვას?!

დიახ, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წყალობით გახდა და ამისთვის არანაირი ნიჭი, პროფესიული ჩვევები და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის არცერთი დღის სტაჟი არ გააჩნდა, მაგრამ განა ეს მისი პრეზიდენტობის მე-4 წელიწადს გამართლებად ჩაითვლება?!

როგორ მიგაჩნიათ - განა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი მოქმედებით ზიანი არ მიაყენა საკონსტიტუციო რეფორმას საქართველოში? განა ის დღეს სახელმწიფო უშიშროებისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს?

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი” დაბეჯითებით გთხოვთ, მიიღოთ ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა ზომა, საქართველოში დროებითი საგანგებო მმართველობის შემოღების ჩათვლით. ახლა მთავარია, პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტთან  არსებულ უშიშროების საბჭოს, აგრეთვე მის მეგობრებს და  პოლიტიკურ თანამოაზრეებს, რომლებიც საქართველოში თითქმის ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობენ - სრულიად საიდუმლო სახელმწიფო ინფორმაციასთან დაშვება გადაეკეტოთ!

პატივისცემით,
“საქინფორმის” სახელით -
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 13 ივნისი
საქართველო, თბილისი