პოლიტიკა
მერაბიშვილის „საამაყო“ უწყება მოხუცებს ცემს

gansaxlebaდღეს დილიდან დევნილთა „განსახლების“ პროცესი კვლავ გაგრძელდა. 80–მდე დევნილ ოჯახს ზუბალაშვილების ქ. № 42–ში, ჩხეიძის ქ. № 8–ში და ვარკეთილის 185–ე სკოლის შენობაში მდებარე დროებითი საცხოვრებლებიდან ასახლებენ.

როგორც საქინფორმს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დიმიტრი ომანაძემ განუმარტა, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე დროებითი საცხოვრებლიდან დევნილების გამოსახლების პროცესში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, იქ მცხოვრები ერთ–ერთი დევნილი, 65 წლის იური სვანიძე შენობაში შესვლას ცდილობდა და სამართალდამცველებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტიც წარუდგინა, თუმცა შსს–ს წარმომადგენლებმა ის შენობაში არ შეუშვეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა და სვანიძე ერთ–ერთმა პოლიციელმა უმოწყალოდ სცემა.

„დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, შემდეგ სიტუაცია ჩაწყნარდა და ნაცემმა დევნილმა ტერიტორია დატოვა“, – განაცხადა ომანაძემ და დასძინა, რომ გამოსახლების პროცესში დღეს სხვა რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა–შემოხლას რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა ადგილი. მერაბიშვილის პოლიციამ, რომელიც მინისტრს და ზოგადად ხელისუფლებას განსაკუთრებით ეამაყება, დევნილებს უკვე არაერთხელ უჩვენა მაგალითი იმისა, როგორ უსწორდება ის ურჩ მოქალაქეებს განურჩევლად სქესის, ასაკისა და სტატუსისა. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მინისტრი მერაბიშვილი მისი უწყების ყველა თანამშრომელს განსაკუთრებულად ექცევა და მათ სხვადასხვა საჩუქრებით ანებივრებს. გამონაკლისი ალბათ, არც ის „მამაცი“ პოლიციელი იქნება, რომელიც დღევანდელი ინციდენტის მთავარი გმირია.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა განსახლების პროცესი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. დევნილთა პროტესტისა და საქმეში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჩართვის შემდეგ პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა ის მიმდინარე წელს კვლავ განახლდა. როგორც საქინფორმს ლტოლვილთა სამინისტროში განუმარტეს, სულ 400–მდე დევნილი ოჯახის განსახლება იგეგმება.