აქტუალური
ვენეციის კომისია არ ეთანხმება საარჩევნო სისტემის სამ კომპონენტს

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. „ვენეციის კომისიისა და უმრავლესობის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვევა!“ ამ განცხადებას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აკეთებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით იქნება მიღებული.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზეც ლაპარაკობენ. მამუკა მდინარაძის თქმით, რეკომენდაციები არ არის კრიტიკული.

იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა 5%-იანი ბარიერის დაწევას იმ სამიდან, რომლებისგანაც ერთ-ერთი არის შესასრულებელი იმისათვის, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა იყოს საარჩევნო სისტემის უზრუნველყოფილი. ჩვენ გავიზიარებთ იმ რეკომენდაციას, რომელზეც ისედაც ვსაუბრობდით და ეს იყო თეორიული რისკების გამორიცხვის გზა და ამას ჰქვია ზედა ზღვრის  დადგენა და ამ შემთხვევაში ჩვენ არა მხოლოდ ზედა ზღვარზე ვსაუბრობთ. ვენეციის კომისიის და უმრავლესობის გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში ერთმანეთს დაემთხვევა, - განაცხადა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნის პირველად ვერსიაში მთავარი კრიტიკა საარჩევნო სისტემას უკავშირდება. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ვენეციის კომისია არ ეთანხმება საარჩევნო სისტემის სამ კომპონენტს. ეს არის 5%-იანი ბარიერი, ბლოკების შეზღუდვა და გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისათვის მინიჭება.