აქტუალური
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 78-ე შეხვედრა გაიმართა

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირდა.

მოლაპარაკებებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლების აქტიური ძალისხმევის შედეგად უკანონო "პატიმრობიდან" გათავისუფლდა მიმდინარე წლის 5 ივნისს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული დუშეთის რაიონში მცხოვრები ოთხი საქართველოს მოქალაქე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო “პატიმრობაში” მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს.

საუბარი, ასევე, შეეხო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 11 ივლისს გაიმართება.