პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ უშიშროების საბჭოს მდივანს შენიშვნა მისცა

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა თავდაპირველ დოკუმენტში შევა გარკვეული ცვლილებებიც. კერძოდ, ჩანაწერი თავდაცვისა და სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ ასეთი ფორმულით აღარ იქნება და თავდაცვის ძალებზე ცალკე ჩანაწერი გაჩნდება.

სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი პოზიცია გააკრიტიკა.

„ეს ცვლილებები, ბრჭყალებში მოვიტან ციტატას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რეალურად არ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე. ამაზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას. რეალურად გვაქვს ძალიან ბუნდოვანი რეგულაციები, ძალიან დაუხვეწავია ამ ნაწილში დღევანდელი კონსტიტუცია. მე მომიწია შენიშვნის მიცემა უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და იმის შეხსენება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და უშიშროების საბჭოს მდივანი არ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. სამწუხაროდ, ეს არ იციან უშიშროების საბჭოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.