პოლიტიკა
ჯაშუშობაში ბრალდებული და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ტრისტან წითელაშვილი აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. 5 ივნისს თსუ-ში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის მძევალია.

"ამერიკის ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა იქ. რისთვის? იმისთვის, რომ ის კერებს ქმნის იქ", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

პოლკოვნიკმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს.

ტრისტან წითელაშვილის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ოსეთის თემაზე დიალოგისთვის მზად არის.

იან კელი გამოთქმულ ბრალდებებს გუშინ გამოეხმაურა და მათ უსაფუძვლო უწოდა.

ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული,  “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა მან სამსახურებრივი საშვით შეძლო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, მაგრამ უშედეგოდ. სამხედროებმა, კალანდაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ეს საქმე არ გამოიძია.