აქტუალური
პროტესტი პარლამენტში - ჟურნალისტებმა სხდომაზე თავზე ტომრები ჩამოიცვეს

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 6 ივნისს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ჟურნალისტები დაესწრნენ, რომლებმაც აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან შესაძლო გატაცების ფაქტი გააპროტესტეს.

ჟურნალისტებმა კომიტეტის სხდომაზე თავზე ტომრები ჩამოიცვეს და აფგან მუხთარლის ფოტოები გამოფინეს. მათ პროტესტის მდუმარე ფორმას მიმართეს.

ჟურნალისტების განცხადებით, პროტესტის მიზეზი პარლამენტის მმართველი გუნდის ლიდერების მიერ მათი მოთხოვნების იგნორირება გახდა.

მედიის წარმომადგენლები აფგან მუხთარლის საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ.

„ჩვენი აღშფოთება გამოიწვია მათმა დამოკიდებულებამ. საერთოდ იგნორირებას უკეთებენ პარლამენტის თავმჯდომარეც და ქალბატონი სოფიო კილაძეც და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ფაქტი არის იმდენად მძიმე, რომ არ შეიძლება, რომ ეს არ შეიმჩნიო. იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ნებისმიერი ჟურნალისტის და არა მარტო ჟურნალისტის უსაფრთხოება დაცული არ არის,“-განაცხადა  ნანა ბიგანიშვილმა.