სამართალი
კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მას ქალაქ რუსთავის პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე ჩაანაცვლებს - ამის შესახებ განცხადებას ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბერიძის ადვოკატი თენგიზ კახიძე აკეთებს.

სწორედ კახა ბუხრაძის სახელს უკავშირდება 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები. მაშინ აქციის მონაწილეებმა პროტესტის მიზეზად გახშირებული ჯარიმები დაასახელეს. აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, მოქალაქეები ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს როტაცია და საკადრო გადაადგილებები, რის საფუძველზეც კახა ბუხრაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად.

შეგახსენებთ, რომ კახა ბუხრაძე აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის დასაწყისში როტაციის პრინციპით დაინიშნა. მანამდე ის გორში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.