აქტუალური
საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. 29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს.

19-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც “ალიანსის ღირებულებებს იზიარებს”. აქვე ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გადაწყვეტილებას იღებენ ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყანა და ამ პროცესზე “გავლენა არ აქვს მესამე ქვეყანას”.

დეკლარაცია მადლობას უხდის საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც ქვეყანას ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით.

საგაზაფხულო სესიის შემაჯამებელ დოკუმენტში ნახსენებია ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაცია და გამეორებულია განცხადება, რომ “საქართველო გახდება ნატოს წევრი”.

დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

დეკლარაციის დასკვნითი, მე-19 პუნქტის მიხედვით, ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერას.