საზოგადოება
ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. მანამდე კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პარალამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა.

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოს გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ვართ მოხარული, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო უკვე დიდი ხანია, მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისათვის და მშვიდობისთვის და ალიანსთან ურთიერთობას უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის. ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ