უცხოეთი
მელანია და ივანკა ტრამპები რომის პაპთან თავსაბურავებით მივიდნენ

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიტიკოსს, რომის პაპს ვატიკანში შეხვდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შეხვედრაზე ფრანცისკესთან პრეზიდენტი ცოლთან – მელანიასთან, შვილთან – ივანკასთან და სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად მივიდა.

შეხვედრას მედია მოუთმენლად ელოდა, რადგან პაპი და აშშ-ს პრეზიდენტი მედიასთან გაკეთებული განცხადებებით არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის – მიგრაციასა და კლიმატის ცვლილების შესახებ.

ურნალისტები, ვინც შეხვედრას აშუქებდნენ, ამბობენ, რომ პაპი და პრეზიდენტი ერთმანეთს გულთბილად შეეგებნენ. ტრამპმა ფრანცისკეს უთხრა, რომ შეხვედრა მისთვის დიდი პატივია.

მათ დახურულ შეხვედრაზე, დაახლოებით, 20 წუთის მანძილზე ისაუბრეს, შემდეგ კი ჟურნალისტებთან დაბრუნდნენ და ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

ტრამპმა პაპს მარტინ ლუთერ კინგის ჩანაწერები გადასცა, ფრანცისკემ კი აშშ-ს პრეზიდენტს მსოფლიო მშვიდობის დღისთვის მისივე დაწერილი გზავნილის ხელმოწერილი ასლი აჩუქა. ტრამპმა განაცხადა, რომ ჩანაწერს აუცილებლად წაიკითხავს.

მელანია და ივანკა ვატიკანში ვიზიტისას შავ კაბებში იყვნენ გამოწყობილი, ორივე მათგანს თავსაბურავი ეხურა ტრადიციული ვატიკანური პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც ბოლო პერიოდში მკაცრად აღარ იცავენ.

მელანია კათოლიკეა, ამიტომ მან სთხოვა პაპს, მისთვის კრიალოსანი ეკურთხებინა.