პოლიტიკა
"ცინიკური ნაბიჯი"- ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად კულახმეტოვის დანიშვნას ეხმაურება

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. შესაბამისი ბრძანება სამშაბათს სამართლებრივი ინფორმაციის რუსეთის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან საქართველოს ხელისუფლებაში. ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე კრემლის ქმედებას "ცინიკურ ნაბიჯად" აფასებს.

ეს ნაბიჯიც არის მორიგი პროვოკაცია. კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, როგორც სხვა დანარჩენი რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე  არიან. ამიტომ ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეიძება აღვიქვათ ის, რომ სწორედ იგი მოავლინეს უკან ცხინვალის რეგიონში,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

მარატ კულახმეტოვი 2011 წლიდან კრემლში საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.