საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გელა მიქაძემ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო.
„აღმოჩნდა, რომ დღეს, 2017 წელს, 7 წლის მერე, რაღაც საქმე აწარმოეს და მეორე მხარეს, ფაქტობრივად, წერილიც არ გამომიგზავნეს“, - განაცხადა გელა მიქაძემ, რომლის თქმითაც, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოდან არანაირი შეტყობინება არ მოსვლია, რომ პროცესი იმართებოდა და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
შეგახსენებთ, რომ საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის დეპუტატს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„ასეთი რამ მსოფლიოს იურისპრუდენციას არ ახსოვს საერთოდ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა საემიროს ემირმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება თავის ოთახში და გამოიტანა განაჩენი“, - განაცხადა მიქაძემ.
გელა მიქაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯათ კომპანია “რაკიას” ყოფილ ხელმძღვანელებს.