უცხოეთი
ვლადიმირ პუტინი: აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის ჩანაწერის სტენოგრამა გაუგზავნოს.

"ვხედავთ, რომ აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება, სხვაგვარად არ შემიძლია ავხსნა ის ბრალდებები აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომ მან ლავროვს რაღაც საიდუმლოება გაუმჟღავნა.

თუკი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის, მზად ვართ მივაწოდოთ ლავროვისა და ტრამპის შეხვედრის ჩანაწერი" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა იტალიის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განმარტა, რომ ლავროვისა და ტრამპის შეხვედრის აუდიოჩანაწერი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სტენოგრამა.

შეგახსენებთ, Washington Post-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გამოცემა ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა წყარო, რომელიც დაზვერვას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოების დონე საკმაოდ მაღალია: მონაცემები არ იყო განკუთვნილი მოკავშირეებისთვისაც კი, თეთრ სახლში კი ინფორმაცია მაკცრად შეზღუდულ მცირე წრეს გააცნეს. გამოცემა წყაროების ვინაობას არ ასახელებს.

კერძოდ, ტრამპმა დეტალურად განიხილა როგორ შეუძლიათ ტერორისტებს გარკვეული თავდასხმების განხორციელება; მან ასევე დაასახელა ISIS-ის კონტროლქვეშ მყოფი ქალაქი, სადაც აშშ-ის პარტნიორმა ქვეყანამ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ახალი საფრთხე აღმოაჩინა. როგორც The Washington Post-ს წყარომ განუცხადა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის ელჩს იმ ნაბიჯებზე უამბო, რომელიც აშშ-მ გადადგა ახალ საფრთხის მოგერიებისთვის.

თავად ტრამპი აღნიშნულ ინფორმაციას თვითერზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს, მას სურდა და აბსოლუტური უფლება ჰქონდა, რუსეთისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომელიც ტერორიზმსა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ეხებოდა.