აქტუალური
საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ჩინეთის ქალაქ პეკინში, სადაც მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი - ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“.

ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი - 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“ და კომპანია „Eurasian Invest LLC”.

საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.

დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან. ჩვენი საბანკო სისტემისათვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია საბანკო სექტორში“, - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ.