აქტუალური
ლევან იზორია სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას „IDEF 2017“-ს დაესწრო

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი იშიკთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. განსაკუთრებული ყურადღება უახლოეს მომავალში ბათუმში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მინისტერიალზე გამახვილდა, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრები სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარია. საუბრის ბოლოს კი ლევან იზორიამ ფიქრი ისიკი თურქეთის მაღალი რანგის სხვა სტუმრებთან ერთად ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მოიწვია.