სამართალი
პრეზიდენტი მარგველაშვილის დეგრადირებული ორგანო

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის მიერ, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტია, ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის შემოთავაზებულ ახალ ვარიანტში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი ორგანო დეგრადირებულია და მსგავსი მიდგომა მმართველი გუნდის მხრიდან, პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო, მიუღებელია.

„ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს როგორც ჩვენი ჯარის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე მზადყოფნას სერიოზული გამოწვევების მიმართ, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ფაქტობრივად, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია, ერთი მხრივ, თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს და მეორე მხრივ, ლოზუნგით, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.