აქტუალური
ლუჟკოვის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ხანდაზმულობის ვადა გასულია - შსს-ს განცხადება

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს. ამასთან, ცნობის გავრცელების მომენტისთვის, 2010 წელს, იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა. საქართველოს სსკ-ის 71- მუხლის თანახმად, სსკ-ის 322- პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევით ყოფნა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 6-წლიანი პერიოდი. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გამო, შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება", - აცხადებენ შს სამინისტროში.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე.