აქტუალური
ოკუპანტი რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს - ციხელაშვილი, ზალკალიანი

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ანატოლი ბიბოლოვის შეხვედრას "გამომწვევ ნაბიჯად" მიიჩნევენ საქართველოს მთავრობის წევრები.

ეს არის საკმაოდ გამომწვევი ნაბიჯი, ის არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს კიდევ ერთხელ, არამედ მიმართულია პრინციპების წინააღმდეგაც, რაზეც რუსეთის ფედერაციას საუბარი ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევაა ამ ლიდერების და ქვეყნების მიმართაც“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

ეს არის საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არის გაგრძელება იმ არაკანონიერი, დესტრუქციული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ბუნებრივია, არ ცნობს და პირიქით, გმობს“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი

შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ანატოლი ბიბილოვს შორის სოჭში შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული რეგიონის ლიდერს ე.წ.  არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას კვლავაც აპირებს. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების განხორციელებაც.