აქტუალური
ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის ბაზაზე ინსპექცია ჩაატარეს

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს ჯგუფმა გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზა „მანჰაიმზე" ინსპექცია ჩაატარა. ღონისძიება „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.

ქართველ სამხედრო ინსპექტორთა ათკაციანმა ჯგუფმა, რომელიც ვერიფიკაციის სამმართველოს წარმომადგენლების გარდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, აშშ-ის არმიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და ტექნიკა აღრიცხეს.

ქართველმა სამხედრო ინსპექტორებმა ქვედანაყოფის განთავსების გეგმა შეამოწმეს და მონაწილეობა მიიღეს საწვრთნელ-სავერიფიკაციო ღონისძიებაში, რომელიც ევროპაში აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ბუნდესვერის სავერიფიკაციო ცენტრს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.