სამართალი
ნუ გეშინიათ, რუსი ბაიკერები არ შემოვიდნენ - გიორგი მღებრიშვილი

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. „ნუ გეშინიათ, არ შემოვიდნენ,“ - ამ მოკლე კომენტარით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი  რუსი ბაიკერების საქართველოს საზღვარზე არშემოშვების ფაქტს. მას არ განუმარტავს, კანონის რომელი მუხლით იხელმძღვანელეს  სამართალდამცველებმა და იყო თუ არა ამის მიზეზი რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება.

მესაზღვრეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განმარტა და აღნიშნა, რომ მათ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის 11-ე მუხლით იხელმძღვანელეს.

როგორც ხუციშვილი აცხადებს, ბაიკერებმა ვერ დააკმაყოფილეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები და ვერ გასცეს სათანადო პასუხი ქვეყანაში შემოსვლის მიზნებსა და იმ მიმართულებაზე, საითაც ისინი მიდიოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ ერთ-ერთმა მოტოციკლისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ბაიკერები მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს.