"ხევსურული საღამო" ღია ცის ქვეშ გუდაურში
ხვალ, 22 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით გუდაურში გრანდიოზული "ხევსურული საღამო" გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში გუდაურის დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისიდან ჩასული ანსამბლები წარსდგებიან.
იგეგმება ახალგაზრდა ხევსური პოეტების ლექსების პრეზენტაცია. სპეციალურად ამ საღამოსთვის დამზადდება ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნების საშუალება გუდაურში მოსულ ყველა სტუმარს ექნება. ღონისძიება ფშავ-ხევსურეთის დაცარიელებისგან გადარჩენას და ამ ულამაზესი კუთხის ტურისტული პოტენციალის, მისი ადათ-წესების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს საზოგადოებაში ისტორიული ძეგლების - შატილისა და მუცოს ციხესიმაგრის მიმართ ინტერესის გამოჩენა წარმოადგენს. ხევსურული საღამო სასტუმრო "გუდაურის" მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ხევსურეთის მკვიდრი, პოეტი გელა დაიაური წარუძღვება.